„ეს რომანი წასვლის წიგნია“ – დავით ქართველიშვილის ახალი წიგნის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირების“ წარდგენა გაიმართება

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკთან, კაფე „პიატაში“  (ჭავჭავაძის №76) დავით ქართველიშვილის ახალი რომანის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ წარდგენა გაიმართება.  ქართველი პროზაიკოსი და ესეისტი დავით ქართველიშვილი 12 წელი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, დაბრუნების შემდეგ კი ახალ რომანს წარუდგენს საზოგადოებას.
იგი ავტორია რომანებისა: „სიყვარული და მსხალი“ (2009), „მოცემულობა“ (2011), „ათი ქალწული“ (2012).
„კვირამ“ რამდენიმე შეკითხვით მიმართა მწერალს:

გამოვიდა თქვენი ახალი რომანი „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“.  წიგნი ლოსანჯელესზეა, სადაც 12 წელი ცხოვრობდით… როგორ იწერებოდა ეს წიგნი? საფუძვლად რეალური ამბები უდევს თუ ფანტაზიის ნაყოფია?
–  რომანში მოქმედება მართლაც ლოს-ანჯელესში ხდება. ვერ ვიტყვი, რომ წიგნი ამ, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავტობიოგრაფიულია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია, უფრო ნაზავია: ფაქტების, გამონაგონის, ნაფიქრის, დაკვირვებების, გაგონილის, დაშვებულის
–  ვინ არიან პერსონაჟები და რატომ არის ეს რომანი ამბავი წასვლისა?
– რომანში ოთხი მთავარი პერსონაჟია, მათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – ისინი უცხოელები არიან და ამ ქალაქში ზოგი კონკრეტულ საქმეზეა ჩამოსული, ზოგი ბედის საძიებლად, ზოგს კი ჯერ გადაწყვეტილი  არც აქვა დარჩება ამ თუ არა.
რაც შეხება წასვლას, ეს რომანი მართლაც წასვლის წიგნია –  სახლიდან, ძველი ცხოვრებიდან, გარკვეული ცხოვრებისეული მოცემულობიდან წასვლის წიგნი.
ამბობთ, რომ რომანი ქალაქისა და სხეულის ურთიერთობაზეა…  როგორია ამ ურთიერთობის ფინალი?
– გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე გითხარით, რომანში ოთხი ძირითადი პერსონაჟია.
რომანი ოთხ ნაწილად არის დაყოფილი. ერთ საერთო ფინალის პარალელურად არის ოთხი ინდივიდუალური ფინალიც. თითოეული პერსონაჟი თავისას პოულობს ან ვერ პოულობს. რაც შეეხება ქალაქისა და სხეულის ურთიერთობა, ქალაქიც ხომ სხეულია თავისი შენობებით, მოსახლეობით, ბუნებრივი მოცემულობით. ეს რომანი თანამედროვე მატერიალიზმზეა, ამ სიტყვის ფილოსოფიური და მერკანტილური გაგებით.
მე არ ვარ იმ ტიპის მწერალი, რომელსაც განაჩენი გამოაქვს, რა არის კარგი და რა ცუდი, ჩემი ესთეტიკური პოზიცია ზუსტადაც რომ გამორიცხავს განაჩენს. მე უბრალოდ ვაფიქსირებ, აღვწერ და ვფიქრობ და ამავე დროს პოტენციურ მკითხველს თავისუფალ სივრცეს ვუტოვებ – იფიქროს, თავად აწონ-დაწონოს შექმნილი ვითარება, თუმცა, პირველ რიგში, ჩემი მიზანი შემდეგია: მკითხველმა ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს წაკითხულით.
– თქვენ დაბრუნდით ახალი რომანით საქართველოში. ფიქრობთ, რომ ახალი სათქმელი მოიტანეთ ქართულ მწერლობაში?
–  რა თქმა,უნდა ვფიქრობ და აბა, სხვა შემთხვევაში ხომ არც საკუთარ თავს შევიწუხებდი წერით და არც მკითხველს – წაკითხვით. ვიმედოვნებ, რომ რომანის წაკითხვის შემდეგ თქვენც იმავე აზრის იქნებით ამ რომანზე.

                                                                                                                                    თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები