მწერლისა და პუბლიცისტის, სერგო კლდიაშვილის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა
მწერლისა და პუბლიცისტის, სერგო კლდიაშვილის,დაბადებიდან 130 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს სერგო კლდიაშვილის ღვაწლსა და ხსოვნას.
„სერგო კლდიაშვილი დიდი ქართველი პროზაიკოსისა და დრამატურგის ღირსეული მემკვიდრეა.
„სერგო კლდიაშვილი დიდი ქართველი პროზაიკოსისა და დრამატურგის ღირსეული მემკვიდრეა.
დავით კლდიაშვილის ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია; შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; სახელოვან მამასთან ერთად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ რევოლუციამ მოუსწრო და სამშობლოში დაბრუნდა.
სერგო კლდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მწერალთა იმ თაობას, რომელმაც „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ორდენი დააარსა.
იგი იყო ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – დრამატურგი, სცენარისტი, პუბლიცისტი, პოეტი.
სერგო კლდიაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვის სახელსაც უკავშირდება ქართული ნოველის ფენომენის შექმნა. მისი ნოველები და მინიატურები – „ჭინკა ბიჭები“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „ჯორდანო ბრუნო“, „სოფლის გზაზე საქართველოში“, „შორეული ციალი“, ასევე, „სვანური მოთხრობების“ ციკლი ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში დამკვიდრდა.
აღსანიშნავია სერგო კლდიაშვილის, როგორც დრამატურგის, ღვაწლი. მისი პიესები – „გმირთა თაობა“, „ირმის ხევი“, „დაბრუნება“ წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში.
მწერალმა დაგვიტოვა საგულისხმო კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები ჩვენი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ფასდაუდებელია მისი მოგონებები დავით კლდიაშვილზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვალერიან გაფრინდაშვილზე.
სერგო კლდიაშვილის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.