გიორგი ვოლსკი: ვინმე გინახავთ ევროპის ქვეყნებიდან, რომ ასეთი სამარცხვინო, უტიფარი ბრალდებები წაეყენებინა თუნდაც მოწინააღმდეგე პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობისათვის
„სოციალური პაკეტი არის უზარმაზარი, უპრეცედენტო. რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა!”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობენ.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბავშვებს სოციალური დახმარება არ ჰქონიათ.
„სოციალური ოჯახებიდან ბავშვებს რამდენი ჰქონდათ დახმარება? გაგიკვირდებათ და ნული. დღეს ყველა ბავშვს აქვს თავისი შემოსავალი სოციალური ოჯახიდან, გარდა სოციალური დახმარებისა და აქვს სოციალური პაკეტი, ჯანდაცვის პაკეტი. ვინ ფიქრობდა ბავშვებზე, რომლებიც მძიმე დაავადებით იყვნენ დაავადებული? ვინ ფიქრობდა, რომ ამ ბავშვებს საზღვარგარეთ შეუძლიათ მკურნალობა? ვინ ფიქრობდა საერთოდ ისეთ საკითხებზე, რაც სოციალურ პაკეტში გვაქვს გათვალისწინებული და რაც იქნება მომავალ წელს? ეს ისტერიკული, გააფთრებული შეტევა ბიუჯეტზე სწორედ ამ პოზიტიური ტენდენციებითა და ცვლილებებით არის გამოწვეული”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერი რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის საკითხსაც შეეხო.
„მსოფლიოში პროცესები მიდის, საერთოდ აზრზე არა ხართ ან სპეციალურად აკეთებთ ისე, რომ ხალხი შეიყვანოთ შეცდომაში. რა ვაჭრობაზეა საუბარი? 200 მილიარდს გადააჭარბა მარტო იმპორტმა ევროპის მიმართულებით რუსეთიდან. მხოლოდ უკრაინის გავლით დღეს გაზი გადის ევროპაში რუსეთიდან, 4 -ჯერ აჭარბებს მოცულობით მთლიან საქონელბრუნვას, რაც საქართველოს რუსეთთან გააჩნია. რა მოითხოვეთ – ეკონომიკური სანქციები? იმისთვის, რომ დაინგრეს საქართველო? იმ შედარებით მცირე მასშტაბის ვაჭრობის შეწყვეტით რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, სტრატეგიული პროდუქტები მაქვს მხედველობაში. საერთოდ ვინ ფიქრობდა დივერსიფიკაციაზე ან ევროპულ ბაზარზე ოიდესმე ვინ იყო შესული? იცით, რომ ლიტვამ და ლატვიამ გადაგვასწრო ღვინის მიწოდებაში რუსეთის ფედერაციისათვის? რა ეკონომიკურ სანქციებზე ლაპარაკობთ?”, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით,ოპოზიცია თვლის, რომ უშუალობა დააკლდა საქართველოს ხელისუფლებას ევროპელ პარტნიორებთან. მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.
„ორბანი მხარს გვიჭერს, მეორეც, აქვს გარკვეული პოზიციები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, თუნდაც კონსერვატიული თვალსაზრისით, მას თავისი ურთიერთობები აქვს კიდევ სხვა ისევე, როგორც პოლონეთს ან სხვა ქვეყნებს, რომელთაც ერთმანეთშიც საკმაოდ სერიოზული დავა აქვთ და უკრაინასთან მიმართებით საკმაოდ განსხვავებული, რადიკალური და ხისტი პოზიცია გამოავლინეს. ვინმე გინახავთ ევროპის ქვეყნებიდან , რომ ასეთი სამარცხვინო, უტიფარი ბრალდებები წაეყენებინა თუნდაც მოწინააღმდეგე პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობისათვის?” -მიმართა გიორგი ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციას.