დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების მიზანია საქართველოს კანონის დახვეწა ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ევროპულ დირექტივას, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების საკითხებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის არსებობას. პროექტის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უნდა გასაჩივრდეს.

„კანონმდებლობაში გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილი პროექტის დაჩქარებული წესით მიღება გვიწევს ოქტომბრის ბოლოს, რათა შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმის მე-7 პრიორიტეტი და საქართველომ შეძლოს მონაწილეობა მიიღოს „შემოქმედებითი ევროპის” პროექტში”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სხდომაზე საკითხის წარდგენისას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები