ცესკო: საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობა ამომრჩეველებს შსს-ს მომსახურების სააგენტოებშიც აქვთ
ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში ეცნობიან.
„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეებს დეტალურად უხსნიან საარჩევნო ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპს და მის უპირატესობებს. მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობას.
17 ოქტომბერს მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი იმყოფებოდა. ის უშუალოდ ჩაერთო მოქალაქეებისთვის იმ საარჩევნო ტექნოლოგიების გაცნობის პროცესში, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგი არჩევნები. „ინფორმირების კამპანიის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირება უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან და ეცნობიან სიახლეებს“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში. საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსებულია როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში, რიგდება საინფორმაციო ბროშურები და ა.შ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფროამციაში.