“შს მინისტრი ბოლო პერიოდში ჩადენილი კრიმინალური აქტების საქმეების გამოძიებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება”

    თავდაცვის მინისტრის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრები მუშაობენ. როგორც ირაკლი ალასანიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, აქვს საპოლიციო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩადენილი კრიმინალური აქტების საქმეების გამოძიებას ჭიკაიძე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს ძალიან კვალიფიციური, ძალიან კომპეტენტური ხალხი. მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ უახლოეს პერიოდში კრიმინალთან ბრძოლის კუთხით გარკვეული გარდატეხაც იქნება მიღწეული.
მე მაქვს ძალიან ხშირი შეხება შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საპოლიციო საქმიანობის. ის იყო წარმატებული პოლიციელი და მე ვიცი, რომ მისი მოტივაცია არის ძალიან დიდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კრიმინალთან ბრძოლის გაგრძელება და მინდა მას წარმატება ვუსურვო. მე როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრი სრულად ვუჭერ მას მხარს და მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან ეფექტური, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვლობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების ჰარმონიულ თანამშრომლობას.
ბოლო პერიოდში ძალიან შემაშფოთებელი კრიმინალური აქტები იქნა ჩადენილი და მე ვიცი რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდება მინისტრი ჭიკაიძე ამ საქმეების გამოძიებას. დავამატებ ერთს, რომ მხოლოდ პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგის დაცვას ვერ გაწვდება, საჭიროა საზოგადოების ჩართულობა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები