პეტერ ფიშერი: ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენთან დაახლოებისკენ ისწრაფვიან, ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ

დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს საკითხი დღის წესრიგშია დეკემბრის შუა რიცხვებში, საბჭო 27 წევრი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან შედგება, ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, სწორედ სახელმწიფოთა მეთაურებმა უნდა თქვან, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

„მათ ეს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ, რაც ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა თქვას, დიახ, მე მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მანამდე, ნოემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს, სადაც ნათქვამი იქნება, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. ეს ანგარიში იქნება საფუძველი სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად, ის მათ მიმართულებას მისცემს და ინფორმაციას მიაწვდის. თუმცა, გადაწყვეტილება თავად სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, ვისურვებდი, რომ დეკემბრამდე ჩვენ რაც შეიძლება რბილად ვიაროთ დადებით გადაწყვეტილებამდე. თუმცა, ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია და იმ სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, რომლებიც ჩვენთან დაახლოებისკენ ისწრაფვიან. ასე რომ, სამუშაო საქართველოს შესასრულებელია, ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ და ვიმედოვნებ, რომ პასუხი იქნება, დიახ“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები