განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე ისაუბრა. მომხსენებლის თქმით, ცენტრი მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს სამეცნიერო კვლევების, ასევე კონსერვაცია-რესტავრაცია, დიგიტალიზაციის მიმართულებით. მისივე თქმით, ცენტრი აქტიურია საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებითაც, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას გულისხმობს.
„მიმართულება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა, არის სამუზეუმო და საგანმანათლებლო მიმართულება. წელიწადში მინიმუმ 15-16 გამოფენას ვმართავ, ასევე 15-16 გასვლით ღონისძიებას რეგიონებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში”, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.
ცენტრის დირექტორის თქმით, მომავალი წლისთვის ცენტრს ახალი შენობა ექნება. „ხელნაწერებისთვის იქნება ის პირობები, რომელიც აუცილებელია მათი დაცვა- შენახვისთვის”, – განაცხადა ზაზა აბაშიძემ.