ირაკლი ქადაგიშვილი: კონსტიტუციის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის დემოკრატიისთვის, ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა
“საქართველოს კონსტიტუციის დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ხელისუფლების მდგრადი მართვისთვის. ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ფრაქციამ კონსტიტუციის მიმართ თავისი დამოკიდებულება თავადვე უნდა განსაზღვროს.
„ეს არის პრეცედენტი, როდესაც მოხდა საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ხელისუფლების მდგრადი მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა.
როგორც იცით, იმპიჩმენტის პროცესი დავიწყეთ, რადგან ეს იყო გზა, სწორედ კონსტიტუციური სასამართლოსგან მიგვეღო ვერდიქტი. რაც შეხება საკითხის შემდგომ განვითარებას, რა თქმა უნდა, როგორც რეგლამენტი და კანონი ითხოვს, ეს ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად და ამის შემდეგ საკითხი ორი კვირის ვადაში შევა პარლამენტის დღის წესრიგში და პარლამენტში იქნება კენჭისყრა. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, როგორი იქნება კენჭისყრის შედეგები. საჭიროა ასი ხმა, „ქართულ ოცნებას“ ასი ხმა არ აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ რაიმე სპეკულაციის და ვაჭრობის გამართვას. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ფრაქციამ კონსტიტუციის მიმართ თავისი დამოკიდებულება თავადვე უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.