დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს
პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილებას, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებენ.
ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი გავრცელდება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, ის ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.
ცვლილებები ასევე შეეხება ვიცე-სპიკერების რაოდენობას. ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება. მათგან სამს აირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობიდან, სამს კი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.