ლაშა ჟვანია: მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რათა მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებმა ავიაბილეთები ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ

მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე იყოს ფიქსირებული თანხა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბილეთი ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთის ფასმა 200 ევროს არ გადააჭარბოს.

„მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თანხა, რომ მშობლებს და შვილებს ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ ავიაბილეთი ოპტიმალურ ფასებში.

როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ 200 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ბავშვის ბილეთმა. მცირეწლოვანი შვილის მშობლის შემთხვევაში 250 ევროს არ გადააჭარბებს. ეს არის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასი, რაზეც „ჯორჯიან ეარვეისთან“ მოდის მოლაპარაკებაზე და შეიძლება ეს გაკეთდეს“, – განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში საელჩოში შემავალი სატელეფონო ზარები კონცენტრირებულია საქართველოში გამგზავრების სურვილთან.

საქართველოს მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მაღალი მოთხოვნის გამო დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს. ჩვენ ვეხმარებით ყველას, მაგრამ პრიორიტეტს მცირეწლოვანი შვილების ოჯახებს ვანიჭებთ და შემდგომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. როდესაც ამ სიას ამოვწურავთ, შემდეგ სხვა მოქალაქეების გამგზავრებაზე გადავალთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები