“ჰამასი” ისრაელს “მრისხანების დღეს” ჰპირდება – ისრაელის საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

დაჯგუფება “ჰამასმა” 10 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც არაბულ და მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად პარასკევს, 13 ოქტომბერს “საყოველთაო მობილიზაციისკენ” მოუწოდა.

მოძრაობაში თქვეს, რომ ეს დღე აღინიშნება, როგორც “ალ-აქსას წყალდიდობის პარასკევი” და ღონისძიების მიზანი იქნება პალესტინელი ხალხის მხარდაჭერა “ისრაელის ღია სამხედრო ოკუპაციის ფონზე”.

“ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას “ალ-აქსას წყალდიდობა” უწოდა.

მოძრაობამ ასევე მოუწოდა დასავლეთ სანაპიროზე მყოფ ახალგაზრდა პალესტინელებს, ისრაელელ ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ.

ამ ფონზე, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.

“ჰამასის” განცხადების პარალელურად ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.

ამის გათვალისწინებით, უწყებები საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე, თავი შეიკავონ დემონსტრაციებისა და ხალხმრავლობისგან და, საჭიროების შემთხვევაში, აცნობონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს შეტაკებების ან თავდასხმების შესახებ.

საფრთხის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ ისრაელის ყველა საელჩოში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები