ისრაელის ინფორმაციის მინისტრმა, გალიტ დისტელ-ატბარიანმა თანამდებობა დატოვა და ითხოვა, რომ მისი უწყებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ისრაელის სამხრეთით მაცხოვრებლების დასახმარებლად იყოს მიმართული.
ამის შესახებ მან X-ში დაწერა.
„როდესაც ვხედავ, რომ ინფორმაციის სამინისტროს ჩამოერთვა უფლებამოსილება, რომელიც მას თავდაპირველად ჰქონდა, შემიძლია, მხოლოდ გულწრფელად ვაღიარო, რომ ამიერიდან მისი მუშაობის ყოველი დღე არის საჯარო სახსრების ფლანგვა. შექმნილ ვითარებაში ამ უწყებას არ შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ცხოვრებაში და ქვეყნის სიკეთე ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, – დაწერა მან და დასძინა, რომ “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ მისი დეპარტამენტის უფლებამოსილების ნაწილი დიასპორის სამინისტროს გადაეცა.
როგორც Times of Israel აღნიშნავს, მთელი წლის განმავლობაში ჟურნალისტები და დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაციის სამინისტროს არ გააჩნდა რეალური უფლებამოსილებები და შედგებოდა მხოლოდ მინისტრის აპარატისგან.
უწყების მცირერიცხოვანი პროდუქტები – ვიდეორგოლები და ინგლისურენოვანი პოსტები, რომელთა მიზანი იყო მთავრობის პოზიციის გადაცემა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა – დაცინვის საგანს წარმოადგენდნენ მათი ხარისხისა და ინფორმაციის გავრცელების დაგვიანების გამო.
მიმდინარე კვირას დისტელ-ატბარიანი ასევე გააკრიტიკეს “ჰამასთან” ომის პირობებში უწყების აქტივობის არარსებობის გამო.