გაერო ისრაელის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა თქვა, რომ „გაერო კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც ტრაგიკული სიტუაციის კატასტროფულში გადაქცევა“.
გაეროს მონაცემით, მოწოდება შეეხება, დაახლოებით, 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზას სექტორის ნახევარია.
მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მომუშავე გაეროს ოფიციალურ პირებს აცნობეს, რომ ბრძანება ასევე ეხება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს და მის შენობაში მყოფებს, მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებს.
„გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი გადაადგილება განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, – დასძინა დუჟარიკმა.
ორგანიზაციის რეაქციას გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი, გილანდ ერდანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, გაეროს ეს რეაქცია სამარცხვინოა.
„გაეროს პასუხი ისრაელის ადრეულ გაფრთხილებაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა “ჰამასის” მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეიარაღებასა და გამოყენებაზე, როგორც იარაღისა და მკვლელობის თავშესაფრად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც “ჰამასის” ტერორისტებმა მოკლეს და რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მათთვის, ვინც არ არის ამაში ჩართული, ის ისრაელს მორალს უკითხავს“, – თქვა მან.
დიპლომატის თქმით, გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ბოევიკების მიერ აყვანილი მძევლების ისრაელში დაბრუნებაზე, “ჰამასის” დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.