“სახელმწიფო და ბიზნესი პროფესიული განათლების განვითარებაზე პასუხისმგებლობას ერთად აიღებენ” – მათე ტაკიძე პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს აფასებს
“სახელმწიფო და ბიზნესი პროფესიული განათლების განვითარებაზე პასუხისმგებლობას ერთად აიღებენ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა, მათე ტაკიძემ განაცხადა.
ტაკიძემ პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა შეაფასა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად წარადგინა.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ეს პროფესიული განათლების განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ პრეზენტაციაზე ბევრი საინტერესო მესიჯი გახმოვანდა, რაც ვფიქრობ, სამომავლოდ პროფესიული განათლების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, პრესტიჟის აწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება პილოტირების რეჟიმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროფესიული განათლების სივრცეში განვითარების ახალი ეტაპი დავიწყოთ. რამდენიმე ცენტრალურ მესიჯს გამოვყოფ: პირველი თემა, რაც გახმოვანებული იყო, გახლავთ ის, რომ დამამთავრებელ საშუალო საფეხურზე ე.წ. ინტეგრირებული სწავლების შემოღება სავალდებულო უნდა გახდეს. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ მინდა, მსმენელს, მაყურებელს ავუხსნა, რომ ეს თემა ინტეგრირებული სწავლების მეთოდი დაწყებულია, აპრობირებულია, უბრალოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლების ჩართულობაზე, ყველა მოსწავლის ინფორმირებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს დასაწყები უფრო ადრე იყო, ჩვენ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის ინფორმირება უნდა მოვახდინოთ, მათ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. პროფესიული განათლება წარმატებისკენ მოკლე გზა გახლავთ, როდესაც შეგიძლია, ძალიან პატარა ასაკში პროფესიული განათლების ერთი რომელიმე მიმართულება გქონდეს და რომელიმე კომპანიაში წარმატებულად დასაქმდე. შემდეგი 2 წლის განმავლობაში ეს დაიხვეწება, პილოტირება დაიწყება, პირველ ეტაპზე რეგიონული პილოტირების მიმართულებები იქნება და ამის შემდეგ, საბოლოოდ, როდესაც მეთოდოლოგია შეჯერდება, ყველა საჯარო სკოლის ათვისება დაიწყება. ვფიქრობ, მოსწავლეებს პროფესიულ განათლებაზე სრული ინფორმირების, ხელმისაწვდომობის საუკეთესო საშუალება ექნებათ. აღარანაირი შეზღუდვა აღარ იქნება, გეოგრაფიული არეალის სრული დაფარვა და პროფესიულ განათლებაზე სრული ხელმისაწვდომობა მოხდება. საშუალო სკოლებში პროფესიული განათლების შეტანა და მისი ვალდებულებად გახდა ამიტომ არის მნიშვნელოვანი მესიჯი.
მეორე თემაც უმნიშვნელოვანესია, იცით, რომ 15 ნოემბრიდან ბიზნესს საშუალება ეძლევა, სახელმწიფოს მიმართოს, პროფესიულ განათლებაში შევიდეს. აქ რამდენიმე ეტაპია ძალიან საინტერესო: პირველი – შეუძლია, რომელიმე პროფილური მიმართულება აიღოს, განაცხადი გააკეთოს, ინვესტირება გააკეთოს, თან ამავე დროს სახელმწიფო ეუბნება, რომ თანაინვესტორი სახელმწიფო იქნება, რაც ძალიან კარგია. სახელმწიფო და ბიზნესი პროფესიული განათლების განვითარებაზე პასუხისმგებლობას ერთად აიღებენ. მეორე თემაა ბიზნესისადმი შეთავაზება: მენეჯმენტში მისვლა და პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემა. მესამე მიმართულება ახალი პროფესიების შექმნა, კოლეჯებთან ერთად განვითარება და მისი დანერგვაა. მოგეხსენებათ, დღეს ბევრი ახალი პროფესიაა, რომელსაც დანერგვა, კადრების მომზადება სჭირდება. ჩვენ და ბიზნესი მუდმივად ვსაუბრობთ ამ საკითხზე – რომ საქართველოში კადრების მწვავე დეფიციტია. თუ ბიზნესთან ვითანამშრომლებთ, ამ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია. თუ ბიზნესის ხედვებს დავშორდებით, ჩვენ მიერ მომზადებული კადრები ვერ უპასუხებენ იმ გამოწვევას, რომელიც ბიზნესის განვითარებას სჭირდება.
პროფესიულ განათლებაში დღეს ყველაზე დიდი დონორი სახელმწიფოა, საქართველოში პროფესიული განათლება ყველასთვის უფასოა. ერთადერთი თემა, რომელიც გვინდოდა, რომ მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი და სისტემური ყოფილიყო, ეს ბიზნესის პროფესიულ განათლებაში შემოსვლა გახლდათ. ეს სერიოზული პრობლემა იყო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სისტემურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში არსებულ კოლეჯებში კერძო სექტორის შესვლა, მათი თანადგომა, ჩართულობა პროფესიულ განათლებას პრესტიჟს შემატებას, ხარისხს აუმაღლებს და მოგვცემს საშუალებას, რომ პროფესიულ კოლეჯებში ბევრი ინვესტიცია განხორციელდეს. ეს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ბიზნესს ბიზნესის განვითარების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ყველაფერი ერთად ეკონომიკის განვითარების, ადამიანების დასაქმების საფუძველს წარმოადგენს”, – განაცხადა მათე ტაკიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამების დასრულება იმის საშუალებას გააჩენს, რომ საქართველოში პროფესიული განათლების სახე საბოლოოდ ისეთივე სტანდარტებით ჩამოყალიბდეს, როგორიც ევროკავშირის, დასავლეთის ქვეყნებშია.
“მესამე მესიჯი, რომელიც გახმოვანდა, პედაგოგების მიმართულებითაა. პირველ ეტაპზე 50 სხვადასხვა მიმართულების შერჩეული პედაგოგი წამყვან ევროპულ ქვეყნებში უნდა გადამზადდეს. შემდეგ ისინი საქართველოს დაუბრუნდებიან და ტრენერები თავად გახდებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს მოგვცემს საშუალებას, ყველა კოლეჯში ხარისხი ავამაღლოთ.
ასევე, გახმოვანდა ძალიან კარგი მესიჯი, რომელიც ე.წ. სტანდარტების და კვალიფიკაციის ამაღლებას მოიცავს. სტანდარტები გადახედავს მოითხოვს, უნდა შეიცვალოს და იმავე სტანდარტებს გაუთანაბრდეს, როგორიც ევროპის წამყვან ქვეყნებშია. ვფიქრობ, ამის გაკეთება შესაძლებელია.
ამ პროგრამების დასრულება, რაც დაახლოებით 2025 წელს მოხდება, გვაძლევს საშუალებას, რომ პროფესიული განათლების სახე საქართველოში საბოლოოდ ისეთივე სტანდარტებით ჩამოყალიბდეს, როგორიც ევროკავშირის, დასავლეთის ქვეყნებშია, რაც ჩვენი წარმატებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
პრეზენტაცია, რომელიც პრემიერმა და განათლების მინისტრმა წარადგინეს, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია უფრო მიმზიდველი გახდეს, იმ ადამიანების რაოდენობა გაორმაგდეს, რომლებსაც პროფესიული განათლების არჩევა სურთ”, – განაცხადა ტაკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას 10 ოქტომბერს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.
“ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.
სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებს ინვესტიციებს, აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან ეს გახლავთ კერძო სექტორისთვის შეთავაზებული ინოვაციური მიდგომა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციების განახლებას, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას გეგმავს. ასევე, დაიწყება მუშაობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციების ამაღლებას გულისხმობს.
სამინისტრო ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების დანერგვას მიმდინარე წელს დაიწყებს, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში, პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობასა და მიმზიდველობას გაზრდის”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.