კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ ნუცა თაყაიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, ლევილში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო ნუცა თაყაიშვილის ხსოვნას. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილის ახლობლებსა და მეგობრებს.
ნუცა თაყაიშვილი ლევილის ქართულ სასაფლაოზე დაკრძალეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ნუცა თაყაიშვილის ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელთა მოღვაწეობის უბადლო მცოდნის დაკარგვას.
ნუცა თაყაიშვილი დაიბადა 1930 წელს ლევილში, სადაც ოჯახთან ერთად გაატარა ახალგაზრდობის წლები. 1959 წელს ნუცა თაყაიშვილი დაქორწინდა ორესტი გორდელაძეზე და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ის ხშირად სტუმრობდა მამულს და მასზე მზრუნველობაში არაერთი წელიწადი გაატარა. ნუცა თაყაიშვილი სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გამოირჩეოდა თავისი სამშობლოს – საქართველოს პატივისცემითა და უსაზღვრო სიყვარულით.
საქართველოდან ლევილში ჩასული არაერთი სტუმრისათვის ნუცა თაყაიშვილი სითბოსა და მასპინძლობის ქართულ სიმბოლოდ დარჩება.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. პროცესის წარმატებით დაგვირგვინებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნუცა თაყაიშვილმა. იგი ამ მოლაპარაკებებში ნოე რამიშვილის ოჯახის ერთი ნაწილის სახელით მონაწილეობდა. ბევრ სხვა გამორჩეულ თვისებას შორის დღევანდელი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი გულწრფელი სიყვარულითა და მოკრძალებით აღსავსე დამოკიდებულება ნუცა თაყაიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები