კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს ულოცავს
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს – 100 წელი, ხოლო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტს 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს,
„საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი თეატრალური სასწავლებელია მსოფლიოში.
უნივერსიტეტმა დიდი როლი შეასრულა დრამისა და კინოს, მუსიკალური, ესტრადის, თოჯინების, მარიონეტების, პანტომიმის თეატრების მსახიობთა, დრამის, კინოს, ტელევიზიის რეჟისორთა, ოპერატორთა, თეატრმცოდნეთა, კინომცოდნეთა, ხელოვნებათმცოდნეთა, ასევე – მენეჯერების, ტელემედიის, ქორეოგრაფიის, ტურიზმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტების მომზადებაში.
თეატრისა და კინოს სპეციალობის არაერთმა სტუდენტმა მოიპოვა საერთაშორისო წარმატება და უმაღლესი ჯილდო მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში.
უნივერსიტეტს აქვს დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, თეატრის, კინოსა და ტრადიციული ქართული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის ბაზაზეც მზადდება ქართული თეატრისა და კინოს ენციკლოპედიები.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დრამის, კინო-ტელე, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტები, სადაც ბაკალკავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე სწავლობს ათასზე მეტი სტუდენტი.
სასწავლებელმა დიდი როლი შეასრულა კავკასიის ხალხებისათვის თეატრისა და კინოს დარგის სპეციალისტების მომზადებაში. აქ აღიზარდნენ კადრები რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური, ოსური, ინგუშური, ჩეჩნური, დაღესტნური და სხვა თეატრებისათვის. უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის ჯგუფების, საკურსო და სადიპლომო წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა არაერთი თეატრი (მაგ., კინომსახიობთა თეატრი, მესხეთის თეატრი, მეტეხის თეატრი, ახმეტელის თეატრი, საინგილოს თეატრი, პანტომიმის თეატრი და სხვა).
უნივერსიტეტში მტკიცედ არის დამკვიდრებული სხვადასხვა რეგიონული თეატრისთვის მსახიობთა კადრების მიზნობრივი მომზადების ტრადიცია, რაც ხელს უწყობს რეგიონებში ქართული თეატრის განვითარებას.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მე-16 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნა.
უნივერსიტეტის საიუბილეო წლის აღნიშვნა 2023 წლის პირველივე თვეებში დაიწყო. თეატრის საერთაშორისო დღეს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული პერფორმანსი – „ქართული თეატრის ამბავი“ სწორედ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.