კინორეჟისორი ლიანა ელიავა გარდაიცვალა
84 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი – ლიანა ელიავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ქალთა საბჭო ავრცელებს.
დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა, 1962 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1969 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის მხატვრული და სატელევიზიო ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტი. 1970 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი. 1998 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფინეთში (იქორწინა ეროვნებით ფინელზე, რუსულენოვან პოეტსა და მთარგმნელ რობერტ ვინონენზე).
ლიანა ელიავამ გადაიღო ფილმები: „ბზიანეთი“ (1969), „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ (1971); „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „ფერმა მთაში“ (1974), „სინემა“ (1977). იგი ავტორია წიგნებისა: „კავკასიური მისტერია“, „საუკუნის სამანი“, „სიზმრად ნანახი ფილმები“, „კინო უეკრანოდ“, „ჩემი სკანდინავია“, „აფეთქებული საყდრისი“ (რომანი). 2018 წელს ლიანა ელიავამ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ თავისი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მთლიანი მასალები გადასცა. კინონაშრომები დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ საცავში ინახება.
ლიანა ელიავა იყო: ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედლის ლაურეატი (1979), კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის ახალგაზრდული ფესტივალის ლაურეატი (ორჯერ – „ჭკნება, იღუპება“ და „ბზიანეთი“).