კულტურის სამინისტრო დავით შანიძეს ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დავით შანიძე დაინიშნა. იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან იკავებს. მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომელიც ანსამბლის შემოქმედებითი გუნდის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ჩატარებული არჩევნების შედეგს ეფუძნება, უკვე გამოიცა. კულტურის სამინისტრო ულოცავს დავით შანიძეს დანიშვნას და ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად დიდ წარმატებებს უსურვებს.
დავით შანიძის მუსიკალური განათლება უკავშირდება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალურ კოლეჯს (1984 – 1989 წლები) და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტს, რომელიც 1995 წელს დაამთავრა.
დავით შანიძე ქართველი მოღვაწისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეა. მისი პროფესიული საქმიანობა მრავალფეროვანია: იყო ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი; ანსამბლ „ბიჭების“ მოსამზადებელი ჯგუფების მუსიკალური ხელმძღვანელი; ვაჟთა ანსამბლ „გეორგიკას“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სოლისტი. ქართული ეთნოჯაზ-ჯგუფის „შინ“ სოლისტი, ვოკალისტი; ეთნოჯაზ-ჯგუფის „ეგარი“ დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, სოლისტი.
დავით შანიძის პროექტებია: „დავითი და ურსა“ და „დავით-შანი: „კავკასიის მარგალიტი“. იგი 2017 წლიდან დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში.