“ღაზას სექტორის ბლოკადა და დაბომბვა “ჰამასის” ქმედებების პირდაპირი შედეგია” – ევროკომისია
ევროკომისია ისრაელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ღაზას სექტორს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყვიტა და, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქცია და ასევე, “ჰამასის” ქმედების საპასუხოდ, ფართომასშტაბიან იერიშებს ახორციელებს.
როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ ბრიუსელში ბრიფინგზე თქვა, თელ-ავივის ქმედება “ჰამასის” თავდასხმის პირდაპირია შედეგია.
„ეს თავდასხმა ჯერ კიდევ გრძელდება, რაკეტები ისევ დაფრინავს, ჯერ კიდევ არიან მძევლები, რომლებიც ღმერთმა იცის რა პირობებში არიან. მძევლების, მშვიდობიანი მოსახლეობის აყვანა ეწინააღმდეგება ნებისმიერ ნორმებს, ცივილიზებული ქცევის ნებისმიერ ნორმას. რასაც ახლა ვხედავთ, ვგულისხმობ, ისრაელის პასუხს – ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რისი კეთებაც შაბათს “ჰამასმა” დაიწყო“, – განაცხადა სტანომ.
ამავე დროს, მან დასძინა, რომ ევროკავშირის პოზიციაა, ტერორისტულ თავდასხმაზე საპასუხოდ ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
„ევროკავშირის პოზიცია ამავდროულად ამბობს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება… და ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ხაზგასმით აღნიშნა სტანომ.