“ჩვენი ქვედანაყოფები მზად არიან, აღადგინონ წესრიგი” – კადიროვი პალესტინას მხარდაჭერას უცხადებს
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით, ეს კონფლიქტი შესაძლოა, უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ასევე, კადიროვმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, “წესრიგის აღსადგენად ჩეჩნური ქვედანაყოფები გაგზავნოს”.
“მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ერთხელ მაინც ერთხმად მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება პალესტინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მივმართავ მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს – შექმენით კოალიცია და მოუწოდეთ მათ, ვისაც მეგობრებს უწოდებთ, ევროპასა და მთელ დასავლეთს, რათა შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ბოევიკების განადგურების საბაბით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინასბდა ვეწინააღმდეგებით ამ ომს, რომელიც, სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით, შესაძლოა, უფრო დიდში გადაიზარდოს.
მე თვითონ ვარ ნამყოფი ისრაელში და ჩვენმა მშვიდობიანმა დელეგაციამ განიცადა აშკარა პროვოკაციის მცდელობა. ამიტომ, მოვუწოდებ, შეწყვიტოს როგორც ომი, ასევე – სიტუაციის ნებისმიერი ფორმის ესკალაცია.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვედანაყოფები მზად არიან, იმოქმედონ – როგორც სამშვიდობო ძალებმა, რათა აღადგინონ წესრიგი და დაუპირისპირდნენ ნებისმიერ პრობლემას”, – თქვა კადიროვმა.