„კავკასიის ისტორია“ – ორტომეულის წარდგენა გაიმართება

 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მეცნიერებათა აკადემიაში „კავკასიის ისტორია“ – ორტომეულის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის. გამოკვლევაში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის საფუძველია კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.
„კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში იმ მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა მოვლენებმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში რომ დატრიალდა, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს რეგიონი ე. წ. „ცხელ წერტილად“ აქცია და მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოაქცია. ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელი, ნაკლული და უსრულია კავკასიის გარეშე“, – ნათქვამია გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები