„შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ – „შაქრო ბაბუაში“ ლია სტურუას ახალ პოეტურ კრებულს წარადგენენ

10 ოქტომბერს, 19 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ლია სტურუას ახალი პოეტური კრებულის – „შიგადაშიგ პროვოკაციული ლექსი“ წარდგენა გაიმართება.
„არ მიყვარს ანოტაციების დაწერა საკუთარ წიგნზე, რომელზეც მე რა უნდა ვთქვა? როდის ვწერ? რატომ ვწერ? როგორ? რიტორიკულ შეკითხვებს პასუხი მოვუნახო?
▪ ვთქვათ, ასეთი სტრიქონები დავწერე:
„ხეები გიჟდებიან ცის სივიწროვისგან.
ოღონდ, გააჩერეთ ეს ხეები!“
▪ რა მოხდა? გული მეტკინა? თვალის ნერვი? პათოსური ნათქვამი გამოდის, ცოტათი ბლაგვიც ლექსთან შედარებით, სადაც ნერვები ახალწათლილ ფანქარივით წამახულია. ან როგორი საწყალია პოეტი, რომლის ლექსებს ხალხურობას აბრალებენ, ზეპირსიტყვიერებას ამხობენ თავზე, ის კი ბნელ კუთხეში ზის და არ ჩანს; მაგრამ უკუთხობაშიც რომ გალაჯდება, წერას მაინც აგრძელებს.
▪ აბა სხვა რა ქნას, პოეტია! მე კი მეც ვარ და ყველა ესენიც, ასეთი მრავალსახიანი, თუმცა აბრეშუმის მანერები უკან დახევის და რბილად მოკეცვის ვერ ვისწავლე. სხვა რაღაც უფრო შემიძლია, მაგალითად მეხუთე სართულის აივნიდან გავიდე, დავბრუნდე და პროვოკაციული ლექსი დავწერო. პოეზიამ ასეთი ჩიტებიც იცის“, – ლია სტურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები