პოდოლიაკი: მსოფლიო ძვირად გადაიხდის, თუ რუსეთი ბრძოლის ველზე არ დამარცხდება
მსოფლიო საზოგადოება ძვირად გადაიხდის, თუ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხების რაიმე ალტერნატიულ სცენარს აირჩევს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Telegram-ზე წერს.
„უკვე აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ნებისმიერი „ალტერნატივა“ ჯარების შემდგომი ნაჩქარევი გაყვანით და შიდა პოლიტიკური ტრანსფორმაციის დაწყებასთან ერთად გაცილებით ძვირი დაუჯდება გლობალურ საზოგადოებას, ვიდრე დღეს უკრაინის პირდაპირი მხარდაჭერა“, – ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.
მან ასევე განმარტა, რა ვითარებამდე მივალთ ყველა, თუ რუსეთი ამ ომში არ წააგებს.
„ეს არის გლობალური წესების სრული დემონტაჟი, მზარდი არასტაბილურობა, ძვირადღირებული შეიარაღების რბოლა, მრავალი რეგიონალური ომი, სახელმწიფო გადატრიალება და გლობალური ავტორიტარული ალიანსის მშენებლობა, მიგრაციის ტალღები, ტერორიზმი, როგორც დომინირებისა და დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებში რადიკალური ჩარევის ძირითადი ფორმა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.
პოდოლიაკის აზრით, დადგა „სწორი არჩევანის“ და „სწორი რაკეტების“ დრო.