„ზურაბ კიკნაძე და მისი შემოქმედებითი სამყარო“ – კონფერენცია გაიმართება

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კავკასიურ სახლში კონფერენცია: „ზურაბ კიკნაძე და მისი შემოქმედებითი სამყარო“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება მეცნიერისა და მთარგმნელის 90 წლის იუბილეს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ისტორიკოსები, რელიგიათმცოდნეები, ფოლკლორისტები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები. გამომსვლელები წარადგენენ მოხსენებებს ზურაბ კიკნაძის სამეცნიერო-კვლევითი და მთარგმნელობითი საქმიანობის ცალკეული საკითხების შესახებ.
კონფერენციას დაასრულებს კომპოზიტორ რეზო კიკნაძის მუსიკალური კომპოზიცია (საქსაფონი). დარბაზში გამოიფინება ზურაბ კიკნაძის მნიშვნელოვანი წიგნები და ფოტოები.
აქვე შესაძლებელია „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული სამი წიგნის შეძენა: „ძველი აღთქმის წუთისოფელი“, „შობიდან შობამდე“ და „ბიბლიური წინასწარმეტყველნი“ .
2023 წლის 3 ოქტომბერს დიდ მეცნიერს, მთარგმნელსა და მოაზროვნეს, პროფესორ ზურაბ კიკნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
ზურაბ კიკნაძე გახლდათ ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა; გილგამეშიანი  (1963), ჰომეროსის „ოდისეა“ (თამაზ ჩხენკელთან ერთად, 1978).
ბატონი ზურაბი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, იყო თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე და დიდი საბჭოს წევრი, ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების ხელმძღვანელი. სათავეში ედგა „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს.
მისამართი: გალაკტიონის ქ. N 20 / იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები