არსენ ფოჩხუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა – „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს არსენ ფოჩხუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას – „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენასთან ერთად გაიმართება საიუბილეო წიგნ-ალბომის პრეზენტაცია.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გაიხსნება და 2023 წლის 22 დეკემბრამდე გასტანს..
„2022 წელს არსენ ფოჩხუას ქვრივის სურვილით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში ხელოვანის ოჯახს ეწვია და მისი ნამუშევრები დაათვალიერა. შეხვედრისას არსენ ფოჩხუას ქვრივმა – ქალბატონმა ლია ქურციკიძემ ნამუშევრების გამოფენის სურვილი გამოხატა. კულტურის მინისტრმა ქალბატონ ლიას გამოფენის მოწყობაში დახმარება აღუთქვა. თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ მხატვრის საიუბილეო წელს მოეწყობოდა ექსპოზიცია და მომზადდებოდა კატალოგი.
არსენ ფოჩხუა 1923 წელს ქუთაისში დაიბადა. 1944-49 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, ვიოლინოს კლასში. შემდგომ პედაგოგად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს სიმფონიურ ორკესტრსა და I სამუსიკო სასწავლებელში. გარდა ამისა, არსენ ფოჩხუა არაჩვეულებრივად ხატავდა. 1946 წლიდან გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა ლადო გუდიაშვილის ხელმძღვანელობით. 1946-47 წლებში ლადო გუდიაშვილის მიწვევით ა. ფოჩხუა ქაშუეთის ტაძრის მოხატვაში დამხმარე მხატვრად მონაწილეობდა. დიდი მხატვრის გვერდით მუშაობა ა. ფოჩხუასათვის ერთგვარ აკადემიად იქცა. 1953 წლიდან მუშაობდა კოლხურ ბზასა და ბროლზე. ა. ფოჩხუა, როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. 1956 წელს პირველად გამოფინა ბზისა და სადაფის ნაკეთობები. ხელოვანი წარმატებით მუშაობდა ბროლისა და ძვლის მხატვრულ დამუშავებაზე.
1977 წელს ქუთაისში არსენ ფოჩხუას ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1982 წელს მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა მოსკოვში. ექსპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას მეორე პერსონალური გამოფენა მოჰყვა, რომელიც რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო. ამავე წელს ის საცხოვრებლად მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა. 1982 წელს არსენ ფოჩხუას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. ხელოვანი 2001 წლის აპრილში გარდაიცვალა.
არსენ ფოჩხუას გამოფენისთვის ნამუშევრები თემატურად შეირჩა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გულსაკიდები, გულსაბნევები, მძივები, როგორც მამონტის ეშვზე, ისე კოლხურ ბზაზე ამოწვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ქართული ორნამენტით ნაკვეთი ბროლის ლარნაკები, ლანგრები, კოლხური ბზისგან გაკეთებული ჭვირული ლარნაკები, დეკორატიული დანები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება: გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები, დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეებისა და ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები და სხვა თემატური ნამუშევრები, საქართველოს მხარეების თემაზე შექმნილი რელიეფური კომპოზიციები, ალეგორიული და თავისუფალი თემატიკის ნამუშევრები, ქართული ორნამენტების ესკიზები, ბროლის ლანგრები და ლარნაკები, მცირე ფორმის ნიმუშები.
მხატვრის ალბომის შესავალ სტატიაში საუბარია ამ დიდი ოსტატის შემოქმედების შესახებ. ალბომში შესულია მხატვრის თანამედროვე დიდი მოღვაწეების შეფასება და დიდი ლადო გუდიაშვილის წერილი ა. ფოჩხუას შესახებ.
საიუბილეო ალბომში ასევე არის ხეზე კვეთის ოსტატის სხვადასხვა წელს შექმნილი თემატური თუ ალეგორიულ ნაწარმოებები, გამოჩენილ ხალხთა პორტრეტები და მისი უნიკალური, ქართული ორნამენტის ნიმუშების ესკიზები და გრაფიკული ნამუშევრები. პროექტის ავტორებმა აუცილებლად მიიჩნიეს ა.ფოჩხუას ორნამენტებისა და სხვადასხვა ესკიზით შექმნილი გასაფერადებელი რვეულების დაბეჭდვა, რადგან გადაწყვიტეს, ხელს შეუწყონ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებასა და ქართული ორნამენტის თავისებურებების შესწავლას.
წიგნში მიმოხილულია არსენ ფოჩხუას შემოქმედება და მისი მნიშვნელობა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. წინასიტყვაობაში თავმოყრილია მისი შემოქმედების დამფასებელი გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები. წინასიტყვაობის ნაწილი მიეძღვნება მის მიერ ქაშუეთის ფრესკების შექმნასა და ლადო გუდიაშვილთან ურთიერთობას, ბროლზე ქართული ორნამენტებისა და ფიგურული გამოსახულებების შექმნას. განსაკუთრებით საყურადღებოა მხატვრის მიერ შექმნილი ქართული ორნამენტები, რომლებშიც ახლებურად არის გადამუშავებული ტრადიციული ქართული ჩუქურთმა. ბავშვებისთვის გასაფერადებელი რვეულების გამოცემა ხელს შეუწყობს მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, პატარები გაეცნობიან ქართულ ორნამენტს, მის თავისებურებებს, განივითარებენ ფანტაზიასა და გემოვნებას.
მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N3.