Human Rights Watch-ი მთიან ყარაბაღში სომხების დაბრუნების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარებაში, უზრუნველყონ ეთნიკური სომხების რეგიონში დაბრუნების უფლება.
აღნიშნულია, რომ სექტემბერში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო შეტევამ ბევრ სომეხს აიძულა, დაეტოვებინა სახლები. რეგიონიდან შიშის გამო დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური სომეხი გაიქცა.
ამის შედეგად, რეგიონი პრაქტიკულად გაუკაცრიელდა. იქ ძირითადად მოხუცები ან ავადმყოფები დარჩნენ.
Human Rights Watch-ის თანახმად, ბევრი სომეხი დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში დაბრუნებით, მაგრამ ამისთვის მზად არის მხოლოდ საერთაშორისო დაცვის პირობებში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, არა მხოლოდ განმარტოს, თუ როგორ აპირებენ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ დაეთანხმონ რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.