WP: ნოემბერში შესაძლოა, ბაიდენის და სი ძინპინის სამიტი გაიმართოს
აშშ-ის და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს შესაძლოა, ნოემბერში სან-ფრანცისკოში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
ამის შესახებ The Washington Post-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მხარეებმა სამიტის დაგეგმვის პროცესი “დაიწყეს”.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს Washington Post-თან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ინფორმაციას არც თეთრ სახლში გამოეხმაურნენ.
ჯო ბაიდენის და სი ძინპინის ბოლოს შეხვედრა ინდონეზიაში, G20 სამიტის ფარგლებში, 2022 წლის ნოემბერში შედგა. ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მანამდე, ლიდერებმა სატელეფონო საუბარი ხუთჯერ გამართეს.
გასულ თვეში ჩინეთის უსაფრთხოების უმაღლესი სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიანიშნა, რომ ბაიდენის და სი ძინპინის შეხვედრის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, გამოავლენს თუ არა შეერთებული შტატები “საკმარის გულწრფელობას”.
ბაიდენის კაბინეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ჯინა რაიმონდომ და ჯანეტ იელენმა, ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჩინეთთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ პეკინმა გამოთქვა შეშფოთება ტაივანისთვის იარაღის გაყიდვისა და სამხედრო დაფინანსების გამო.