პუტინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფაშინიანი ხელისუფლებაში ყარაბაღის დათმობის მიზნით მოიყვანეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას, არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვიღაცამ ხელისუფლებაში ყარაბაღის „დათმობის მიზნით“ მოიყვანა.
კრემლის ლიდერის თქმით, ეს იყო სომეხი ხალხის არჩევანი.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ხელისუფლებაში ვიღაცამ გარედან ყარაბაღის დათმობის მიზნით მოიყვანა, ბოლოს და ბოლოს, ეს სომეხი ხალხის არჩევანი იყო. დიახ, თქვენ შეიძლება გქონდეთ განსხვავებული დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ, მაგრამ ეს ფაქტია, ამიტომ მე აქ არ გეთანხმებით“, – თქვა პუტინმა მედია ჯგუფის Rossiya Segodnya-სა და ტელეარხის RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის შესაბამისი განცხადების საპასუხოდ.