პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ, საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა მითხრა, რომ დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე არანაირი გარეგანი გავლენა არ ყოფილა. “, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც პუტინმა განმარტა, დაღუპულთა სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოკვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო.

„სამწუხაროდ, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ვიცით, რომ სანქტ-პეტერბურგში კომპანიაში ცნობილი მოვლენების შემდეგ FSB-მ აღმოაჩინა არა მხოლოდ ათი მილიარდი ნაღდი ფული, არამედ ხუთი კილოგრამი კოკაინი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით საჭირო იყო ასეთი ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ არ ჩატარებულა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც „ვაგნერის“ დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები