კრემლი აფხაზეთში რუსული საზღვაო გემების ბაზირების საკითხს გამოეხმაურა

სამხედრო ნაწილების გემების განლაგებასთან დაკავშირებული საკითხები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ჟურნალისტებმა მიმართეს კრემლს, დაადასტუროს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა თავისი ფლოტის დიდი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაისროლა და რომ რუსეთი აფხაზეთში ბაზის შექმნას აპირებს.

“ამაზე კომენტარს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. ჩვენი ქვედანაყოფების, ჩვენი გემების, ჩვენი სამხედრო ნაწილების განლაგებასთან დაკავშირებული საკითხები თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის”, – თქვა მან.

ასლან ბჟანიამ “იზვესტია”-სთნ საუბარში დღეს თქვა, რომ „ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირის რაიონში იქნება“.

მისივე თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე – “აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას”.

გარდა ამისა, ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება, რადგან „უსაფრთხოება პირველ ადგილზეა“.

ბჟანიამ განმარტა, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე „ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი“. მისი თქმით, გარკვეული ინტერვალებით წვრთნები ტარდება და დამყარებულია ურთიერთქმედება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე.

„რუსეთი მხარს გვიჭერს, ჩვენი სპეციალისტები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ამაღლებას რუსეთის ფედერაციის სპეციალურ დაწესებულებებში, ამიტომ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან არასდროს გადის“, – დასძინა ბჟანიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გეების გადასროლის შესახებ, OSINT-ის ანალიტიკოსმა MT Anderson-მა 1-ელი ოქტომბრით დათარიღებული სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მნიშვნელოვანი ნაწილი ანექსირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები