დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტის თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე იმსჯელა.

მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტზე კომიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ისაუბრა.

აღნიშნული შეთანხმებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალსა და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, ფინანსურ დახმარებას გამოყოფს (მაქსიმუმ 10 მლნ ევროს ოდენობით). დახმარება არის საქართველოში შემდეგი პროექტების ხელშეწყობისთვის: „პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში“, „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში“, „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნისთვის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში“, „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“.

მომხსენებლის თქმით, ეს იქნება ტექნიკური და ექსპერტული დახმარება, რომელსაც განახორციელებენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB).

მისივე განმარტებით, შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ შეიქმნება ჩარჩო დოკუმენტი და ამ თანხის განკარგვის კონკრეტული გეგმა მხარეების მიერ ერთობლივად გაიწერება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შეთანხმების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები