საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები შეიკრიბებიან. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს და ინიციატივას დაარეგისტრირებს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს! დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს. მომავალში კი, მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს საშუალო ხელფასის 60%-ს. ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს. საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა.
შეგახსენებთ, მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი – 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი – 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.