ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის – თანამდებობა დატოვოს

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სავარძელს არ არის მიჯაჭვული და მზად არის – გადადგეს, თუ ამით ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი პირიქით მოხდება.

ამის შესახებ მან სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე განაცხადა.

“2021 წელს მე დავტოვე თანამდებობა, რათა კიდევ ერთხელ გამეხსნა კარი სომხეთის მოსახლეობისთვის, ვადამდელი არჩევნების გზით გადაეწყვიტათ, თუ ვინ იქნებოდა სომხეთის პრემიერმინისტრი არსებულ ვითარებაში.

მეორე მხრივ, თქვენ თქვით და ამბობთ, რომ თუ ხელისუფლებაში დავრჩებით, იქნება ომი. რეალობა სხვაა. სამწუხაროდ, გლობალური ვითარება მხოლოდ სომხეთის ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. სხვა საქმეა, რომ გლობალურ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად სწორად პოზიციონირება. უნდა ვაღიარო, რომ არა მხოლოდ ახლა, არამედ წარსულშიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. ჩვენ გარკვეულ პერიოდს ვუწოდებთ მშვიდობის პერიოდს. 30 წელია, მშვიდობა არ გვქონია, მხოლოდ ომის გადადებით ვიყავით დაკავებული, შესაძლოა, მათ შორის, დამოუკიდებლობისა და სომხეთის მარიონეტად გადაქცევის ფასად“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

ოპოზიციის მოწოდებაზე – დატოვოს თანამდებობა მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი გამოწვევების წინაშე დგას და ყოველთვის იდგა.

„თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია  გავიგოთ, თუ რა პრობლემების წინაშე. პირდაპირ ვიტყვი: თუ მეცოდინება, რომ, მაგალითად, ჩემი გადადგომით ან გადაყენებით ყველა ეს გამოწვევა მოგვარდება, ამას იმავე წამს გავაკეთებ, რადგან, თქვენგან განსხვავებით, მე არ ვეკიდები და არც არასდროს ვებღაუჭებოდი სკამს. მაგრამ მთელი ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს გამოიწვევს ზუსტად საპირისპირო შედეგს. და მათ შორის ეს ამ მიზეზითაც არ ხდება”,- თქვა მან.

ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა და უთხრა, „თქვენ გამოსცადეთ და განახორციელეთ ეს სცენარი მთიან ყარაბაღში. უკეთესი გახდა რამე? რასაკვირველია, სომხეთში ამას ვერ შეძლებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ თეორიული სიტუაციიდან დასკვნები მაინც გამოიტანოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები