მოსკოვის ბასმანის სასამართლომ რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა Время-ს ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას, დაუსწრებლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი “სამხედრო ფეიკების” გავრცელების მუხლით წარედგინა.
ოვსიანიკოვა ბრალს არ აღიარებს.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა ის, რომ 2022 წლის ივლისში ოვსიანიკოვა კრემლის მოპირდაპირედ სოფიას სანაპიროზე პლაკატით გავიდა, რომელზეც უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები იყო დატანილი, ასევე – წარწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი “მკვლელია”.
„352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?” – ეწერა პოსტერზე.
პროკურატურის თქმით, ამ ქმედებებით ოვსიანიკოვამ „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალური საფრთხე შექმნა”.
ოვსიანიკოვა მაშინ დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მალე მან და მისმა ქალიშვილმა რუსეთი დატოვეს.
მანამდე, ოვსიანიკოვას შესახებ მთელმა მსოფლიომ 2022 წლის მარტში გაიგო, როდესაც “ვრემიას” რედაქტორმა, საინფორმაციო გამოშვების დროს, წამყვანის – ეკატერინა ანდრეევას უკან დადგა პლაკატით – “No war. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ“.
ოვსიანიკოვა დააკავეს და 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს “არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობის მოწოდების” მუხლით.
ამის შემდეგ იგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც სამსახური შესთავაზეს, თუმცა, სამი თვის შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა.