ირაკლი ზარქუა – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა – იცოდნენ
“შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას.
მისი თქმით, სუს-ი კომპეტენტურად მუშაობს.
„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს. ჩამოსულები იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე, საუბარი იყო, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და „მტკიცებულებების ნაწილი“ გაასაჯაროვა. აღნიშნულს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საელჩოს ინფორმაციით, CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.