ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომხრეა, რომ უკრაინა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდეს იმ პირობით, რომ ორივე მხარე საშინაო დავალებას შეასრულებს.
ამის შესახებ მან Spiegel-თან ინტერვიუში თქვა.
„დიახ, უკრაინა შეიძლება, გახდეს ევროკავშირის ნაწილი 2030 წელს, თუ ორივე მხარე საშინაო დავალებას შეასრულებს“, – თქვა მიშელმა.
მისი თქმით, უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი მოთხოვნები.
“ევროკავშირში ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რისი მიღწევა გვსურს ერთად, სად არის ჩვენი პრიორიტეტები და რაში გვინდა ფულის დახარჯვა. და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”, – დასძინა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, პოლიტიკოსმა თქვა, რომ ევროკავშირს აღარ შეუძლია დროის დაკარგვა.
„მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელი ელოდებოდნენ, იქ რუსეთისა და ჩინეთის გავლენა იზრდება. აყვავებული და უსაფრთხო უკრაინა კი – ჩვენს ინტერესებშია. რუსეთისადმი მათმა წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირში, ეს იმასაც დაამტკიცებს, რომ ევროკავშირს გეოპოლიტიკური ქმედებების უნარი აქვს“, – თქვა შარლ მიშელმა.