არჩილ თალაკვაძე: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ გამოუყენებიათ იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოში რატომ არის ევროპული იდეის წინააღმდეგ, თუ ასე არ არის სხვა დემოკრატიებში?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმპიჩმენტს არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსთან, რაც ცალახად შეიძლება ითქვას.
მისი თქმით, თუ საქართველოს უნდა, რომ იყოს ევროპული სახელმწიფო, კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის და, საერთოდ, საქართველოს მომავლისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა ამ პროცესს. საქართველოს თუ უნდა, იყოს ევროპული სახელმწიფო, კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი და კონსტიტუციის დარღვევაზეც უნდა გვქონდეს რეაქცია. თუ არ გვექნება რეაქცია, ხვალ შეიძლება, დავბრუნდეთ დროში, როდესაც პრეზიდენტი ან ვინმე პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ მე შემიძლია, ადამიანები სადღაც გავაქრო, შემიძლია, უკანონოდ დავაპატიმრო, ვიღაცებს ქონება ჩამოვართვა დაუსაბუთებლად, რადგან დღეს მე სწორად მიმაჩნია, ეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ თუ ეს მიდგომა დღეს დავუშვით, წავალთ იმავე წრეზე და მივიღებთ იმავე პრობლემებს, რაც გვქონდა წარსულში. კრიტერიუმებთან, პროცესთან ამას არ აქვს კავშირი, არც რეკომენდაციებს ეხება ეს რაიმენაირად და არც შეფასებით ნაწილში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
მისივე განმარტებით, იმპიჩმენტი დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკის ნაწილია.
„აშშ-შიც არაერთხელ ყოფილა იმპიჩმენტი გამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, იტალიაში, უკრაინაშიც, რომელიც ჯერ წევრი არაა, მაგრამ ევროპული სივრცის ნაწილია, ლიტვაში, არაერთ სახელმწიფოში. იქ არავის უთქვამს, რომ ეს არის ევროპის წინააღმდეგ. საქართველოში რატომ არის იმპიჩმენტი ევროპული იდეის, ევროპული ღირებულების წინააღმდეგ, თუ ეს არ არის სხვა დემოკრატიებში? არავინ ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ პოლიტიკას ან ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.