თამარ ჩუგოშვილი: იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
“იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უმრავლესობა თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.
„მმართველი უმრავლესობა თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს იმ მანდატის შესრულებაში უშლის ხელს, რომელიც მან საყოველთაო კენჭისყრით მიიღო და რომელსაც იგი კონსტიტუციის დებულებების დაცვით ასრულებს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი ჩრდილს აყენებს საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და კონსტიტუციის 78-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება. თავისი არსით, იმპიჩმენტი არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებული სიმძიმის მოვლენებთან. ჩვენ შემთხვევაში მმართველმა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული მუხლის ვალდებულებების 49-ე მუხლის საფუძველზე შესრულების გამო და ამ საქმიანობის შესრულების გამო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.