კულტურის სამინისტროში „ევროპალია-საქართველოსთან“ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე და „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის მონაწილე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის, ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდის, თბილისის ჯ. კახიძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს კამერული გუნდის, ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრისა და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის – ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
შეგახსენებთ: წელს პირველად საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას კულტურის საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“, რომელიც მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩატარდება „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით. ოთხი თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას.
„ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალში მონაწილეობენ როგორ სამინისტროს სისტემაში მოქმედი, ასევე სხვა მუნიციპალური თუ კერძო სახელოვნებო ორგანიზაციები/ფიზიკური პირები.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, მონაწილეობით, 2023 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართა.
„ევროპალია-საქართველოზე“ საქართველოს წარსადგენი პროგრამა ფესტივალის სამუშაო ჯგუფმა შეადგინა და ფესტივალის მონაწილეები და ღონისძიებების გასამართავი სივრცეებიც „ევროპალიის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კულტურის სამინისტრო.
2023 წლის „ევროპალიის“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/programme.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები