თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

2 ოქტომბერს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი 2 ოქტომბერი განსაკუთრებულია, რადგან პირველკურსელთა ნაკადი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს ჩააბარა, რეფორმის შესაბამისი ახალი წესით ჩატარებული შემოქმედებითი კონკურსის შედეგად ჩაირიცხა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ფესტივალ „არტისტერიუმ 16“-ის გამოფენა – „არანაირი კომპრომისი!“ გამოფენის მიზანია ქალაქის დაქსაქსულ და ამორფულ ცხოვრებაში შექცევადობის კანონზომიერების აღმოჩენა.
ასევე კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამართული ფესტივალი „FEST I NOVA 2023“ დაიხურა შოუთი „ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა“. წლევანდელი ფესტივალის მონაწილე ხელოვანებმა, კურატორებმა და მკვლევრებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ხშირად ბუნდოვანი, მისტიკური ან შოკის მომგვრელია, რადგან ისინი ტრადიციულ კონტექსტს სწყდება და ჩნდება საჯარო სივრცეებში: მიტოვებულ შენობებში, შემთხვევით ადგილებსა თუ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში.
ამასთანავე, დაიხურა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ფრანკფურტის შტედელის ვიზუალური სკოლის სტუდენტების ჯგუფური გამოფენაც – „ქება სიმასხრისა: გატაცების, ჟინის და გაუჩინარების 22 იგავი“.
მოეწყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების სტუდენტთა გამოფენა – „ის, რასაც შეიგრძნობ“.
საღამოს გაიმართა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ღონისძიება. მონაწილეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი პროექტი საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით. კოსტიუმებით გათამაშდა სასცენო სიუჟეტები/პერფორმანსი. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებში გათვალისწინებულია თანამედროვე მოდის მნიშვნელოვანი ტენდენციები, წარმოჩენილია სიახლეები და ტრადიციული ტექნოლოგიები, სასცენო სიუჟეტები და სხვ. პროექტი მოამზადეს მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელით გამოცხადებული შემოქმედებითი კონკურსის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების სურვილი 854-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აკადემიაში ჩაირიცხა 309 აბიტურიენტი და პირველკურსელთათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები სრულად შეივსო.
ფაკულტეტებისა და სპეციალობების მიხედვით ადგილები ასე განაწილდა:
არქიტექტურის ფაკულტეტი:
არქიტექტურა – 40 , გარემოს დიზაინი – 15, ინტერიერის დიზაინი – 15.
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი:
დაზგური ფერწერა – 25, ქანდაკება – 10, კინო-ტელემხატვრობა – 12, თეატრის მხატვრობა – 10, პლაკატის დიზაინი – 10, ანიმაცია – 10, დაზგური გრაფიკა – 10, წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია – 10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები