„კანვას – საქართველო“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„კანვას – საქართველო“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად (Kobakhidze, March 14, 2023: https://netgazeti.ge/news/660184/).
მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით (SSSG Claims of Planned “Destabilization and Civil Unrest”, Sept. 18, 2023: https://civil.ge/archives/559569).
განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.
აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში”,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს.