“ჩვენი ეკონომიკა უნდა გამოცოცხლდეს” – ბჟანია “საქართველოსთან სავაჭრო კავშირების” დამყარებას არ გამორიცხავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “აფხაზეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს”.
ამის შესახებ მან “ტას”-თან ინტერვიუში თქვა.
“თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ, სამომავლოდ, განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებსაც. აქაც შეიძლება, იყოს ტრანზიტი, როგორც ბევრ ქვეყანაში. ჩვენი ეკონომიკა უნდა გამოცოცხლდეს“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, “ენგურის გავლით საქართველოდან შეტანილი დასაშვები საქონლის სიის გაფართოება” არ ნიშნავს იმას, რომ “აფხაზეთს საქართველოსთან რაიმე სავაჭრო ურთიერთობა აქვს”.
„ეს მარეგულირებელი აქტი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ვაჭრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის სახელმწიფო საზღვარი, რომლითაც საქონელი გადაადგილდება. ამ საზღვრის მიღმა არსებობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სომხეთი და ირანიც. ეს არის საქონლის ჯგუფის მიღების შესაძლებლობა, რომლებიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესსუბიექტებს“, – თქვა მან და დასძინა, რომ “რესპუბლიკის რამდენიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოეყენებინა”.