შალვა პაპუაშვილი: ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. ვნახეთ აქამდე, რომ ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნდა, ყალბი შედეგები, მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. ISFED-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისმა დონორმა USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას უმალავდა ქართველ ხალხს, არ ეუბნებოდა არც ხელისუფლებას. დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციისთვის და ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ – დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები