ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა” გაიმართა

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა” გაიმართა.

ღონისძიება სხლათის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ხიხაძირში გაგრძელდა, სადაც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახლ-მუზეუმი.

,,ტბელობის” დასკვნითი ნაწილი ხიხაძირის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ნაქსოვები და ნაქარგები

წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია გადაეცა:

გულიკო გაბაიძეს – ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

რომან ბათნიძეს – სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ასევე, საგანმანათლებლო სფეროში, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საპატიო ხულოელის წოდება მიენიჭათ ნოდარ ქედელიძეს და ნაზი მიქელაძეს.

სახალხო დღესასწაული „ტბელობა” ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაული ტბელობა” 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან. ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება.

პირველი დღესასწაული 1979 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული. მას შემდეგ ტბელობის ჩატარება დაუკავშირდა მისი ხსენების დღეს.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრველებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები