ჩემთვის დიდი პატივია მივიღო მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივი, ახალი პროექტის გახსნის ცერემონიაში. მე მინდა ყველას მოგილოცოთ – ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი პროექტია ამ ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მთლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინვესტორებს და აღნიშნა, რომ ამ პროექტში ინვესტირებული არის 28 მლნ დოლარი და დასაქმებულია 100 ადამიანი.
„დღეს ქვეყანაში და ამ დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნა ახალი, უმაღლესი დონის სასტუმრო – Radisson RED-ის ბრენდის, რომელიც არის პირველი ჩვენს რეგიონში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ინვესტორ კომპანიას. ამ პროექტში ინვესტირებული არის 28 მლნ დოლარი, დასაქმებულია 100 ადამიანი. მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, ჩვენ ყველას გვახარებს ის ფაქტი, რომ ფოსტის ეს ისტორიული შენობა განახლებულია. ამ შენობამ შეიძინა ახალი სიცოცხლე და, რაც მთავარია, კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი, თანამედროვე სასტუმრო შეემატა ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას.
იცით, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ტურიზმი. ტურიზმის განვითარებით ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი თვალსაჩინო, გამორჩეული მთელ რეგიონში და შემთხვევითი არ არის ის, რომ წელს უკვე 2 კვარტალის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჭარბებს პანდემიამდელ მდგომარეობას. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მლრდ დოლარის პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან, წელს ველოდებით მინიმუმ 4 მლრდ დოლარის შემოსავალს. ამ პროექტის დღევანდელი ინვესტიციაც მიუთითებს შემდეგ რამეზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მშვიდობა და სწორედ ამიტომ შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ დებენ ინვესტიციებს ჩვენი არა მხოლოდ უცხოელები, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენები.
მთავარია, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ეს მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი. ინვესტორები გრძნობენ ამ სტაბილურობას, მხარდაჭერას ჩვენი ხელისუფლებიდან და, რაც მთავარია, განჭვრეტადობა, ანუ პროგნოზირებადობა, ჩვენ გავხადეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ასეთი პროექტების განხორციელებას. მთავრობა მუდამ მზად არის, რომ ხელი შეუწყოს ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვუსურვებ ამ პროექტის მესვეურებს, ინვესტორებს, წარმატებასა და ბევრი პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს − თბილისის მერმა კახა კალაძემ; Radisson RED Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ჰუსნუ ტაიანჯიმ და თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ ევროპის Radisson Hotel Group-ის რეგიონულმა დირექტორმა ანტუან მუბარაკმა.
სასტუმრო Radisson RED-ი დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი ფოსტის, 100 წლის წინანდელ შენობაში მდებარეობს. სასტუმროში არის 111 ნომერი, სტანდარტულიდან ლუქსის ჩათვლით. ფოსტის ისტორიული შენობის განახლებასა და მისი ორიგინალური სახის შენარჩუნებისთვის 28 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე Radisson RED Tbilisi-ში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.