რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება კრემლმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ “ღარიბაშვილის მთავრობა, თუნდაც უბრალოდ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით”.
ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, დიპლომატმა თქვა, რომ თავის დროზე შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველომ მიიღო.
„დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც შეერთებული შტატების წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლიდა და ხელი ასწია სამშვიდობოებზე. და როდესაც ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო.
ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
და როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ჩასვლა, ტურისტებად ჩვენი ქვეყნების მონახულება, სურთ ბიზნესის კეთება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს – ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კავშირების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს კავშირებს ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. ფართოვდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა.
ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქცია არის ჩვენთან ძალიან პოპულარული – ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”,- თქვა ლავროვმა.