თამაზ ჭილაძის გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა
მწერალი, პოეტი, დრამატურგი თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს დაიბადა სიღნაღში.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი – ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.
თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში – პასუხისმგებელ მდივნად; ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“- მთავარ რედაქტორად, მწერალთა კავშირში – მდივნად; ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან.
თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის (1992), საქართველოს სახელმწიფო (1997) პრემიები, ასევე – ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.
თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 2018 წლის 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.