“რუსეთს უწევს, შეეგუოს იმას, რომ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციის ბატონ-პატრონი, ფაქტობრივად, აღარ იქნება,”- ვახტანგ მაისაია

“რუსეთს უწევს, შეეგუოს იმას, რომ, ფაქტობრივად, ის აღარ იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციის ბატონ-პატრონი, როგორც ეს 1993 წლის სექტემბერში ხდებოდა”- ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაიამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“რეგიონში არსებული სიტუაცია ძალიან მწვავე, დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ხანმოკლე, 3- დღიანი ომის ფონზე მთიანი ყარაბაღის მხარეზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო და სეპარატისტული დაჯგუფებების განიარაღება მოახდინა.
ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია სეპარატისტების რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, ცნობილი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ყარაბაღში კრემლის პირდაპირი წარმომადგენელი იყო. თუმცა, მეორე სეპარატისტი, სამველ ბაბაიანი ყოველგვარი პრობლემების გარეშე გათავისუფლებული და გაყვანილი იქნა. ასე რომ , სიტუაცია კვლავ დაძაბული, ფეთქებადსაშიშია, რადგან სომხეთში ფაშინიანის გადაყენების მიზნით სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ამავე დროს ახალი, სავარაუდო სამხედრო კონფლიქტის ზონა გაჩნდა , ესაა ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ანკლავთან აერთიანებს, ოღონდ სომხეთის ტერიტორიიის გავლით, თუ შეიძლება ასე ითქვას. მისი სიგრძე 44 კილომეტრია, სწორედ სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ გადის. როდესაც შუშაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პრეზიდენტი ერდოღანი მოიწვია , იქ გაკეთდა განცხადება , რომ შემდეგი სამიზნე ზანგეზურის კორიდორი იქნება, რათა თურქეთმა და აზერბაიჯანმა პირდაპირი კომუნიკაციური ურთიერთობები იქონიონ. თუკი ზანგეზურის კორიდორის გამო ახალი ომი განვითარდება , ეს ომი რეგიონული იქნება. ამ ომში უკვე რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, პაკისტანი ჩაერთვებიან. შეიძლება, ამან განვითარების სერიოზული ფორმები მიიღოს. ხედავთ, რომ სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადსაშიშია.

ნიშნავს, თუ არა ყარაბაღში განვითარებული მოვლენები იმას, რომ რუსეთი რეგიონაში გავლენებს კარგავს და სუსტდება? ამ კითხვას შეიძლება, ორმაგი პასუხი გავცეთ, ნაწილობრივ “დიახ”, და ნაწილობრივ “არაც”. “დიახ” იმ კონტექსტში, რომ, ფაქტობრივად, რუსეთს უწევს, რეგიონული უსაფრთხოების გავლენის სფეროები ისეთ რეგიონულ ჰეგემონებთან გაინაწილოს, როგორებიცაა თურქეთის და ირანის რესპუბლიკები. რუსეთს უწევს, შეეგუოს იმას, რომ, ფაქტობრივად, ის აღარ იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაციის
ბატონ-პატრონი, როგორც ეს 1993 წლის სექტემბერში ხდებოდა.

გუშინ სოხუმის დაცემის ტრაგიკული წლისთავი აღვნიშნეთ. იმ პერიოდში რუსეთი რეგიონში სრული ჰეგემონი იყო, დღეს ამ კუთხით დასუსტებულია. რაც შეეხება გავლენების ცოტათი გაძლიერების ნაწილს: რუსეთი იმდენად არ დასუსტებულა, რომ დასავლეთის ინტერესებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს, როგორიცაა ევროკავშირი,  აშშ”- განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის იმ განაცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების რატიფიცირებას. მაისაიას თქმით, ეს სომხეთ- რუსეთის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაართულებს.

“ფაქტობრივად, სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩარჩო დოკუმენტს შეუერთდა, რომლის მიხედვითაც, გათვალისწინებულია იმ ადამიანების დაპატიმრება და სასამართლოსთვის გადაცემა, რომლებმაც კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. რა თქმა უნდა, ამ სტატუსის მიღება კიდევ უფრო გაართულებს სომხეთ- რუსეთის ურთიერთობებს. თუმცაღა, სომხური მხარის განცხადებით, ამ დოკუმენტთან მიერთება ფორმალურად კეთდებოდა იმის გამო, რომ სომხეთს შემდგომში აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური, ან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საშუალება მისცემოდა, თუ ისინი მთიანი ყარაბაღის, ან სხვა ტერიტორიებზე დანაშაულს ჩაიდენდნენ. მაგრამ არაფორმალურად, გასაგებია , რომ სომხეთის ხელისუფლებამ კრემლის მიმართულებით ერთგვარად მკვახე ჟესტი განახორციელა.

რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ის, რომ პუტინს, ფაქტობრივად ,
სომხეთში ჩასვლის პერსპექტივებიც კი დაებლოკება, ამით , პუტინის პერსონის მიმართ სანქციების პოლიტიკის გაზრდა ხდება , რადგან, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამ სასანქციო სიას სომხეთიც შეუერთდა.

ისედაც კრემლსა და ფაშინიანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. მეტსაც გეტყვით, გუშინ ფაშინიანმა გიუმრის სამხედრო ბაზის სამსახურისთვის რუსული მხარის მხრიდან გარკვეული კონტრიბუციის გადახდა პირდაპირ მოითხოვა . ფაქტობრივად , განაცხადა, რომ ” კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაცია ” სომხეთისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიების მქონე გაერთიანებას უკვე აღარ წარმოადგენს. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთმა ეს გაერთიანება დატოვოს”‘ განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღი, როგორც რესპუბლიკა, არსებობას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს.

შესაბამისი განკარგულება არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები