წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ორი ოჯახისთვის ახალი სახლები აშენდა

იმერეთში, უსახლკარო ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა გრძელდება. ქუთაისისა და თერჯოლის შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეიდან ჩიტიაშვილებისა და შენგელიების ოჯახები კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. ოჯახებს ახალმოსახლეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიულოცეს.
,,რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად არაერთი პროგრამა ხორციელდება. ერთ-ერთი პროგრამის ეგიდით წყალტუბოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი სახლები ავუშენეთ. ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებელი და დღეიდან ისინი კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის სახლების აშენება არის კარგი ინიციატივა, რომელიც ბოლო წლებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესი გაგრძელდება და ასეთი ოჯახები ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლებით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დავნერგეთ ახალი სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს ორი ახალი სახლი ავაშენეთ და სოციალურად დაუცველ, შეჭივრებულ ოჯახებს გადავეცით. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ათი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომლებიც ასევე, უსახლკარო სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძე.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომისა და მხარდაჭერის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალი სახლების მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სოციალურად დაუცველი, სარდიონ შენგელია ხუთ შვილთან ერთად, წლებია გაუსაძლის პირობებში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ხოლო ჩიტიაშვილების ოჯახის წევრები თავს ხის ძველ ფიცრულს აფარებდნენ. სოციალური პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს მომავალ წელს 10 სახლი ააშენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები